ხვალ, 28 ივნისს, საქართველოს ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს დელეგაცია ეწვევა, მათ შორის ესპანეთის სამეფოს საგანგებო დავალებათა ელჩი სამხრეთ კავკასიაში.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტს გაცნობითი ხასიათი აქვს და შეხვედრები გაიმართება, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
"ესპანეთს ძალიან დიდი როლი აქვს საქართველოს მედიაციის საკითხში ესპანურენოვან ქვეყნებთან, რომელთანაც ჩვენ უშუალო ურთიერთობები არ გაგვაჩნია, თუმცა დაინტერესებულები ვართ თანამშრომლობით. ამიტომ ესპანეთი გვიწევს ლობირებას ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, რომ მათთან ურთიერთობები დავამყაროთ როგორც ეკონომიკურ, ასევე კულტურულ სფეროებში", - აცხადებს კალანდაძე.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ესპანეთს საქართველოში არ აქვს მუდმივი წარმომადგენლობა, ნებისმიერ სახის ვიზის მიღება გართულებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის.
"შეხვედრაზე ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება და იმედი გვაქვს, გამოსავალს რაიმე ფორმით ვიპოვით", - აცხადებს კალანდაძე.