პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „ახალი მემარჯვენეების" მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ „შოკში ჩააგდო" და გამოცხადებულ კაპიტულაციასთან დაკავშირებით იმედგაცრუებას გამოთქვამს.
„ცოტა დრო დამჭირდა იმისთვის, რომ შოკიდან გამოვსულიყავი. ჩვენს ქვეყანაში გასაკვირი აღარაფერია. გული მწყდება, რომ ჩვენთვის ახლობელმა ადამიანებმა, პირველებმა გამოაცხადეს კაპიტულაცია, თუმცა გასაკვირი უფრო ის გახლავთ, რა კმაყოფილებით და როგორი აღტკინებით იქნა ეს გაკეთებული. „ნაციონალური მოძრაობისადმი" საოცარი მიმბაძველობით შეეცადნენ „მემარჯვენეები"უარყოფითი შედეგი გამოეცხადებინათ, როგორც სასურველი წარმატება. ასე თუ გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, რომ ორი თვის შემდეგ, „ახალმა მემარჯვენეებმა" „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად იზეიმონ რუსეთზე ომში „გამარჯვების" სამი წლისთავი", - განუცხადა ცისკარიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება იმას, რამდენად იქონია „ახლების" გადაწყვეტილებაზე გავლენა ხელისუფლების მიერ „რვიანისთვის" შეთავაზებულ წინადადებათა პაკეტში საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ ჩადებულმა მუხლმა, ცისკარიშვილი დარმწუნებულია, რომ ეს შეთავაზება მმართველმა გუნდმა „რვიანის" დასაშლელად შეგნებულად გააჟღერა.
„არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს რომ ხელისუფლების ალტრუიზმის მახასიათებელი არ გახლავთ, ჩემთვის ეჭვს არ წარმოადგენს. ესაა „რვიანის" დაშლის სრულიად მკაფიო მცდლეობა. იმედი მაქვს, „მემარჯვენეები" „რვიანის" ჯგუფიდან უმცირესობაში დარჩებიან", - განმარტა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ „ახალმა მემარჯვენეებმა" ხელისუფლების მიერ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებული წინადადებები მიიღო და აღნიშნულის გამო „რვიანი" დატოვა. გაერთიანებაში შემავალი დანარჩენი შვიდეულის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი.