პროკრედიტ ბანკმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, 25 ივნისს, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ეკოლოგიური ტური ჩაატარა.
ტურში პროკრედიტ ბანკის ორმოცამდე თანამშრომელთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მონაწილეები გაეცნენ ნაკრძალის ისტორიას და ბიომრავალფეროვნებას, დაირგო ზეთისხილის ნერგები - მშვიდობის სიმბოლო. ბანკის თანამშრომლების, მათ შორის გენერალური დირექტორის მაია მერედოვას და მედიის წარმომადგენლების ძალისხმევით, ლაგოდეხის ნაკრძალის გარკვეული ტერიტორია ნარჩენებისაგან გასუფთავდა, შეგროვებული ნაგავი კი რეინჯერებს გადაეცა. დასუფთავების შემდეგ მონაწილეებმა, რეინჯერების თანხლებით, ნაკრძალში რამდენიმესაათიანი საფეხმავლო ლაშქრობა მოაწყვეს.
პროკრედიტ ბანკმა რამდენიმე თვის წინ ლაგოდეხის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის 20 000 აშშ დოლარი გამოყო. ეკოტურიც ნაკრძალთან ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. სამომავლოდ დაგეგმილია ნაკრძალის სანაგვე ურნებით მომარაგება.
პროკრედიტ ბანკში წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს თანამშრომელთა შორის ეკოლოგიური საკითხებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების შიდა კამპანია. კამპანიის ფარგლებში ბანკის ფილიალების აქტიური მონაწილეობით არაერთი საინტერესო აქცია გაიმართა.