ახალმა მემარჯვენეებმა რვიანი დატოვეს, - ამის შესახებ საგანგებო განცხადება რამდენიმე წუთის წინ ახლების ოფისში გამართულ პრეკსონფერენციაზე გაკეთდა. როგორც მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რვიანის ფორმატმა თავისი ფუნქცია ამოწურა.
"ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, პირველი წინადადებები სამი დღის წინ გაჟღერდა. დამატებითი შემოთავაზებები კი გუშინ გაახმოვანეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათი მხრიდან ამ მიმართულებით მეტი შეთავაზება აღარ გაკეთდება და ოპოზიციურ რვიანთან მოლაპარაკებები დასურლებულია. ეს ნიშნავს, რომ რვიანმა თავისი თავი ამოწურა" - განაცხადა კაციტაძემ.
მისივე განმარტებით, რვიანმა ფუნქციონირება შეწყვიტა ისე რომ მის შემადგენლობაში მყოფ პარტიებს შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ერთიანი პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა.
"რვიანი აღარ არის. მან თავისი ფუნქცია ამოწურა. ჩვენ ერთიანი პოზიციები ვერ ჩამოვაყალიბეთ. ახალი მემარჯვენეები დღეიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ, პარტიულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას".