მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოპოზიციურ "რვიანს" ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს.
"ე.წ რვიანის მთავარი დაფარული მიზანი გაცხადდა; ისინი ამ შეთავაზებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში მომავალ არჩევნებზე დაიკმაყოფილებენ თავიანთ ამბიციებს პარლამენტში მანდატების იმ რაოდენობის მოპოვებით, რაც წინდაწინ ამ "მოლაპარაკებების" კომბინაციით ჰქონდათ განსაზღვრული", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ შეთავაზებული წინადადებები მთლიანობაში სრულებით არ ასახავს "რვიანის" ძირითად მოთხოვნებზე პასუხს, ასევე, არ წარმოადგენს მოლაპარაკების პროცესში სხვა სუბიექტების მიერ წარდგენილ პრეზენტაციებზე ადეკვატურ რეაგირებასაც.
"წარმოდგენილი წინადადებების პაკეტი არ ცვლის არსებულ საარჩევნო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც უშუალო ზემოქმედებას ახდენს არჩევნების პროცეზე. ამავა დროს ეს შეთავაზება არ ითვალისწინებს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომისიის მოხსენებაში საქართველოს მისამართით გამოთქმულ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უნდა მიღებულიყო ახალი საარჩევნო კოდექსი მთელი პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით და ფართო კონსენსუსის შედეგად", - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში, მოძრაობა მიიჩნევს, რომ ე.წ "რვიანის" მთელი ეს "ვასმიორკებით" სიარული, ბოლოს ამდაგვარ შეთავაზებაზე ხელის მოწერით დასრულდება, რაზედაც პასუხს ისინი საქართველოს ამომრჩეველთა მხრიდან სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დღეს მიიღებენ.