საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს ეხმაურება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საბჭოდან აცნობეს, მათთვის ცნობილი გახდა გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტ მარი ოთარაშვილსა და ონლაინგამოცემა ტსპრესს.გე-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ.
"რეზონანსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით საბჭო აღნიშნავს, რომ გაზეთის ჟურნალისტ მარი ოთარაშვილს ახალგორის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი, რაიონის გამგებელი ზურაბ ფიცხლაური აშანტაჟებს. ტსპრესს.გე კი, საკუთარ ჟურნალისტ იზა სალაყაიაზე ზეწოლაში ფოთის მერს, ვახტანგ ლემონჯავას ადანაშაულებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, მერმა ჟურნალისტს პუტინის მიერ მართული უწოდა, სიტყვიერად დაემუქრა და დასძინა, რომ ამ გამოცემას ვლადიმერ პუტინი მართავს და აფინანსებს.
საბჭო მარი ოთარაშვილის მიმართ შანტაჟის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ახალგორის რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა გადაცემაში "აკრედიტაციის გარეშე" განაცხადა, რომ მარი ოთარაშვილის მაკომპრომეტირებელ მასალას ფლობს, რომლითაც ჟურნალისტის "აგენტობა" დასტურდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საჯარო მოხელეების მხრიდან მსგავს ბრალდებებს ჟურნალისტებსა და გამოცემების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკაონ მსგავსი ქმედებებისგან და იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტები ეთიკურ სტანდარტებს არღვევენ, რეაგირებისთვის განცხადებით საბჭოს მიმართონ", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.