არასამთავრობო სექტორი 26 მაისს პარლამენტის შენობის წინ "სახალხო კრების" აქციის დროს განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ინიციატივის ავტორი ადვოკატი ლია მუხაშავრიაა.
როგორც მან დარბაზ "ჯაზუში" აღნიშნულის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისიის შემქნა საზოგადოების დაკვეთა და მათივე მოთხოვნაა, რომ კომისია პარლამენტის ან მთავრობის ბაზაზე არ შეიქმნას.
"ამ ქვეყანაში ობიექტური გამოძიება არ არსებობს, არც მიუკერძოებელი გამომძიებლები არსებობენ. რადგან 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გამოძიების იმედი არ გვაქვს, მოვითხოვთ შეიქმნას საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისია. ეს არ უნდა იყოს საპარლამენტო კომისია, რადგან ჩვენ ვნახეთ ასეთი ტიპის კომისიების მუშაობას შედეგი არ მოაქვს, პირიქით - ისინი უფრო აფუჭებენ საქმეს ვიდრე აკეთებენ. მხედველობაში მაქვს 2008 წელის აგვისტოს ომისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიები", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა აიძულოს პარლამენტი და ხელისუფლება შესაბამის კანონებში ცვლილებები შეიტანოს, რომ საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლებელი გახდეს.
მუხაშავრიას თქმით, კომისიას საგამოძიებო კომპეტენციითა და უფლებამოსილებით უნდა იყოს აღჭურვილი - შეეძლოს საქმესთან დაკავშირებით პირის გამოძახება-დაკითხვა და მისთვის ნებისმიერი მასალა ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ამასთან, მუხაშავრიას თქმით, რომ კომისია სამოქალაქო საზოგადოების შორის კონსულტაციის საფუძველზე იურისტებით და გამორჩეული ავტორიტეტის მქონე საზოგადო მოღვაწეებით დაკომპლექტდება.