"26 მაისი-რეალობა და გაკვეთილები" - ამ წუთებში, ამ თემაზე ზურა ვაზაგაშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზ "ჯაზუში" კონფერენცია იწყება.
არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები 26 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაბევის დრო განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ იმსჯელებენ, რომელიც კვალიფიციური იურისტებითა და გამორჩეული ავტორიტეტის მქონე საზოგადოებრივი მოღვაწეებით დაკომპლექტდება.
კონფერენცია ქალთა სამოქალაქო მოძრაობა "თამარიონისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე"-ს ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ რეზოლუციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და შეიმუშავებენ შემდგომ სამოქმედო გეგმას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე იგეგმება კონფერენციის მონაწილეთა შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც ისინი სანთლებითა და ყვავილებით პატივს მიაგებენ 2011 წლის 26 მაისს მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას და თანადგომას გამოუცხადებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაპატიმრებულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს.