თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გაბუნიამ პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის მიერ კანონდარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, საკრებულოს უმრავლესობამ დასუფთავების ტარიფის მომხმარებლის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით გამოანგარიშების წესის დამტკიცებით დაარღვია კანონი "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ", კერძოდ მისი მე-12 პრიმა მუხლი, რომელიც დასუფთავების მოსაკრებლისთვის ზედა ზღვარს აწესებს 3 ლარის ოდენობით.
ზაზა გაბუნიას თქმით, ამავე გადაწყვეტილებით საკრებულომ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და წინააღმდეგობაში მოვიდა პარლამენტის გადაწყვეტილებასთან, რადგან "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლოება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა.
გაბუნიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა კონფლიქტი საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილებასთან, რომლის თანახმად "სპეციალური ნორმების დაწესება, რომლითაც მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა ან მისთვის არასახარბიელო პირობების შემოღება ხდება, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიკეთით სარგებლობის სხვა გზები არ არსებობს". ზაზა გაბუნიას თქმით კი ასეთი ობიექტური აუცილებლობა ამ გადაწყვეტილებისათვის არ არსებობდა.
ზაზა გაბუნიას განცახდებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, მომავალ კვირაში ქრისტიან-დემოკრატეიული მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.