თურქეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სირიის საზღვართან არიან დისლოცირებულნი, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი. ამის მიზეზი მოსაზღვრე ტერიტორიაზე სირიის ჯარების კონცენტრაციაა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" თურქულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო სარდლობის დავალებით, გენერალმა სარვატ ერუკმა საინსპექციო შემოვლა განახორციელა თურქეთ-სირიის საზღვარზე განლაგებულ სამხედრო გარნიზონებში. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ტანკები სახელმწიფო საზღვართან 500 მეტრის დაშორებით დგანან.