საქართველოს პრეზიდენტს პერსონალური დაცვის მოხსნის უფლებამოსილება მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით, "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს კენჭი პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დღემდე მოქმედი ნორმის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დანიშნოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; ასევე, საქართველოში ვიზიტით მყოფ უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს; დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს საქართველოში; "საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებს.
მოქმედი კანონის თანახმად, პრეზიდენტს მხოლოდ პერსონალური დაცვის დანიშვნის უფლება ჰქონდა, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნის პირველ პირს დაცვის მოხსნის უფლებამოსილებაც ეძლევა.
ჩამონათვალს ემატება "სხვა მნიშვნელოვან პირებისთვის" პერსონალური დაცვის დანიშვნაც, თუმცა რა კრიტერიუმებით განისაზღვრება აღნიშნული კატეგორია ,უცნობია. ასევე, პერსონალური დაცვის დასანიშნ პირთა ჩამონათვალში საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე აღარ არის შეტანილი.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან მოეხსნას - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების პერიოდში, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს საქართველოში; "საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონით განსაზღვრულ პირებს; სხვა მნიშვნელოვან პირებს.