საპარლამენტო უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორობის უფლების არმიცემას რუსეთის ფაქტორით ხსნის.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორობის უფლება მოქალაქეობის არმქონე პირებს ექნებათ, თუმცა ეს უფლებები შეზღუდული აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და პირებს, რომლებსაც 18 წელი ჯერ არ შესრულებიათ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოსაზრებით კი, აღნიშნული უფლებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც უნდა სარგებლობდნენ. შესაბამის რეკომენდაციას ვენეციის კომისიაც იძლევა და ევროპის ქვეყნებშიც მიღებული პრაქტიკაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, კანონპროექტის ავტორი პავლე კუბლაშვილი განმარტავს, რომ ქვეყნები, სადაც ეს პრაქტიკა არსებობს, ცენტრალურ ევროპაში მდებარეობს და გვერდით ისეთი მეზობელი არ ჰყავთ, როგორიც საქართველოს.