ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებებს დღეს ახალ მემარჯვენეებს გააცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალ მემარჯვენეებთან საარჩევნო გაუმჯობესების საკითხზე ინდივიდუალური მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა.
"მოლაპარაკების პროცესში კიდევ რომელი პარტია ჩაერთვება, ჯერჯერობით არ ვიცი. თუმცა მზად ვართ, ჩვენი წინადადებები ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას გავაცნოთ. ჩვენი მხრიდან შევეცადეთ, რაც შეიძლება კომპრომისული ყოფილიყო ეს შეთავაზები", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული წინადადებების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ არ სურს პოლიტკურმა ძალებმა ამის შესახებ მედიის საშუალებით გაიგონ.
კუბლაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ პარტიებს შეთავაზებებს წარუდგენენ, იგი ჟურნალისტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.
შეხვედრა, სავარაუდოდ, ახალი მემარჯვენეების ოფისში გაიმართება.