საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის წევრმა ინგა გრიგოლიამ უმრავლესობის წევრებს საარჩევნო დაპირებების შესახსენებლად ამონაწერები გადასცა.
გრიგოლიას თქმით, ამ ამონაწერებში სრულად არის ის დაპირებები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველს არჩევნების ჩატარებამდე მისცა. გირგოლიას თქმით, ამ დაპირებებში ნათლადაა დაფიქსირებული, რომ ფასი არ გაიზრდებოდა არც წყალზე და არც ელექტროენერგიაზე.
"ამის საპირისპიროდ ხელისუფლება კომუნალურ გადასახადებს ზრდის. არათუ შენარჩუნდა ფასი, არამედ თითქმის 50 პროცენტით ძვირდება. არც ერთ ქვეყანაში არ არის მსგავსი პრეცენდენტი, რომ დასუფთავების მოსაკრებელი მიებას ელექტროენერგიის მოსაკრებელს", - განაცხადა გრიგოლიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საკრებულოს სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები მკაცრად აკრიტიკებენ თბილისის მერიის მიერ საკრებულოში შეტანილ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, დასუფთავების მოსაკრებელი უნდა მიებას ელექტროენერგიის გადასახადს.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, ეს არის კანონდარღვევა, რადგან კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ უნდა შენარჩუნდეს დასუფთავების მოსაკრებელი სულადობის პრინციპით და ის არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს. ხიდაშელის მტკიცებით, ასევე დაირღვა ინიციატივის შეტანის პროცედურები. მან მოითხოვა, რომ ინიციატივის შემოტანა მოხდეს პროცედურების სრული დაცვით და მის შესახებ განხილვა მომავალ თვეს გადაიდოს.
ხიდაშელის თქმით, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შეიძლება სამართლებრივადაც გასაჩივრდეს.
საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი კობა დავითაშვილი მოითხოვს, რომ საერთოდ ამოიღონ ეს საკითხი საკრებულოს მიმდინარე სხდომიდან. მან მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილს, კენჭი უყარონ მის ამ შეთავაზებას.
უმრავლესობის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ არ დარღვეულა ინიციატივის შეტანის პროცეუდრები და კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში არ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია.