სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლების ჯილდოდ იარაღს გადასცემენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "სახელმწიფო დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მოქმედი რედაქციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისთვის, წასახალისებლად გამოიყენება მადლობის გამოცხადება, პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; 5 დღე-ღამით დამატებითი შვებულების მიცემა; მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისთვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კი, ამ ჩამონათვალს იარაღის ჯილდოდ გადაცემაც ემატება, ასევე წახალისების ღონისძიების სახით, შეიძლება დამატებით უწყებრივი ჯილდოებიც დაწესდეს.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიმართ დამსახურებისთვის რიგით მოქალაქეებსაც დააჯილდოებენ. კერძოდ, დაცვის სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის, ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის დაცვის თანამშრომელი, შეიძლება მადლობა გამოუცხადონ, პრემია, ჯილდო ან ფასიანი საჩუქარი ან ჯილდოდ იარაღი გადასცენ.