"ქართული დასის" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ქუთაისში პარლამენტის შენობის სრულად გადატანის საკითხის გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ ბაღათურიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების რეგლამენტის დარღვევით შედის, კერძოდ, წარმოდგენილ პროექტში არ არის ასახული ქუთაისში პარლამენტის გადატანა რა ხარჯებს გამოიწვევს.
საკითხის განხილვას ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცება, რომ ხარჯვით ნაწილი არ გაზრდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
ლორთქიფანიძის განმარტებით, 2009 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების დროს საუბარი იყო ქუთაისში პარლამენტის მხოლოდ საკომიტეტო სხდომების გადატანაზე, ხოლო წარმოდგენილი პროექტით კი ახალი მოწვევის პარლამენტი აპარატთან ერთად მთლიანად გადავა თბილისიდან, შესაბამისად, ეს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აუცილებლად გამოიწვევს.