"თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ, პოლიტიკურ დაწესებულებებთან და სასამართლოებთან მანიფესტაციის ჩატარების ადგილი ადგილობრივმა თვითმმართველობამ განსაზღვროს.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლოებმა თავად უნდა განსაზღვრონ შენობებთან მანიფესტაციის გამართვის შეზღუდვა რამდენმეტრიანი რადიუსით მოხდება, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 20 მეტრს.
"თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში, პროექტში არსებული ჩანაწერი დისკრიმინაციულია, რადგან ტერმინი "მიმდებარე ტერიტორიაზე" შეზღუდვის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.
ისინი პროექტში "ადმინისტრაციული ორგანო" ჩანაწერის შეცვლას "საჯარო დაწესებულებით" ითხოვენ, რადგან ადმინისიტრაციული ორგანოში შეიძლება საჯარო სკოლაც კი მოიაზრებოდეს.
"თავისუფალი დემოკრატების" მიერ შეთავაზებული რედაქციის თანახმად, აღნიშნული მუხლი შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს: "საჯარო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების აშკარა საშიშროების ან მისი ფუნქციონირებისთვის პირდაპირი და არსებითი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია განსაზღვროს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების ტერიტორიული შეზღუდვა ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური არსი არ იყოს უგულებელყოფილი. ეს შეზღუდვა აუცილებელი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალება უნდა იყოს საჯარო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად".
ანალოგიური პრინციპის ჩადებას ითხოვენ "თავისუფალი დემოკრატები" სასამართლოებთან მიმართებაში და აცხადებენ, რომ სასამართლოსთან მანიფესტაციის ჩატარების ტერიტორიული შეზღუდვა არა სასამართლოს ადმინისტრაციულმა ორგანომ, არამედ ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა განსაზღვროს.
აღნიშნულ შემთხვევებში "თავისუფალი დემოკრატები" არა უმეტეს 20 მეტრის შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ.