საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გვატემალაში ვიზიტი დაასრულა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო გვატემალაში გამართულ „ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის მხარდაჭერის საერთაშორისო კონფერენციაში", რომელიც გაიმართა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის SICA-ს ორგანიზაციის ფარგლებში.
კონფერენციას ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, კოლუმბიისა და მექსიკის პრეზიდენტები და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძე სიტყვითაც გამოვიდა, რომელმაც ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობებისკენ საქართველოს სწრაფვაზე ისაუბრა.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. მან კონფერენციის მონაწილეთა ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის საფრთხეებზეც გაამახვილა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა, მათ შორის გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაროლდო როდას მელგარსა (რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოსა და გვატემალას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და ორი ქვეყნის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში) და კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებთან.