პარტია "თავისუფლების" ლიდერმა, დეპუტატმა კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტში თავისი მოღვაწეობა შეაფასა.
როგორც გამსახურდიამ, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, მის საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო.
"არ შეიძლება, სახელმწიფომ და ერმა, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ იცოდეს, როგორც დაიღუპა მისი პრეზიდენტი, სახელმწიფო მოღვაწე, ვინც გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ყველაფერი გააკეთა თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და ძლიერებისათვის", - აღნიშნა გამსახურდიამ.
ამასთან, დეპუტატმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, სახელისუფლებო გუნდს და ოპოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარდაჭერისა და კომისიაში მონაწილეობისათვის.
"ჩვენი ერთობლივი მუშაობა, ვფიქრობ, ნაყოფიერი იყო. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პროკურატურა, სადაც გადაგზავნილია დასკვნა, დაიწყებს გამოძიებას და შეთანხმებისამებრ, სამ თვეში ერთხელ პარლამენტს საქმის კურსში ჩააყენებს", - აღნიშნა "თავისუფლების" ლიდერმა.
ამასთა, გამსახურდიან მომავალ თანამდებობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა მოღვაწეობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც, პრაქტიკულად, გაეროს ორგანოებს წარმოადგენენ.
"მინდა, განვაცხადაო, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა ათასაწლეულის უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს საქართველო ღირსეულად შეხვდეს. არ გემშვიდობებით. მხოლოდ დროებით. ქვეყნიდან ფიზიკურად გამგზავრების მიუხედავად, ვრჩები სახელმწიფოს სამსახურში, ძვირფასო მეგობრებო, ვრჩები თითოეული თქვენგანის სამსახურში", - მიმართა პარლამენტარებს გამსახურდიამ.