"ქართული დასის" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია "ლეიბორისტებს" ხელისუფლების დემონტაჟში დახმარებას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღათურიამ განცხადება დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, იგი მზად არის შეუერთდეს "ლეიბორისტული პარტიის" ინიციატივას დღევანდელი ხელისუფლების დემონტაჟის საკითხთან დაკავშირებთ და ხელი მოაწეროს "ეროვნულ დოკუმენტს".
"ჩვენ მზად ვართ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ჩვენს ოფისში უმასპონძლოთ და მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული არ მაქვს დოკუმენტი, ხელი მოვაწეროთ ანტისოციალური ხელისუფლების დემონტაჟს", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწვეტილების მიზეზი ბოლო დროს ქვეყანაში ფასების მატება, ჯანდაცვის პროგრამების შემცირება, დასუფთავების გადასახადის გაზრდა, წყლის გამრიცხველიანების დროს ხარჯების მოსახლეობისთვის დაკისრება და სხვა სოციალური საკითხები გახდა.
აქვე დეპუტატმა საკუთარ ოფისში საკითხის განსახილველად ყველა დაინტერესებული პირი და პოლიტიკური ძალა მიიპატიჟა.