ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში მე-12 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ინგრევა. სოფელ კუჭატანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გელა გოგილაშვილის განცხადებით, ეკლესიას გამაგრებითი სამუშაოები სასწრაფოდ თუ არ ჩაუტარდა, ტაძარი მთლიანად დაინგრევა.
„ეკლესიაზე ხეებია ამოსული, რის გამოც კედლები შუაზეა გახსნილი. ხვრელის სიგანე 10 სანტიმეტრს აღწევს. სახურავიც ძალიან დაზიანებულია და წვიმის წყალი შიგნით ჩადის. შესაძლოა, ძლიერი წვიმის დრoს კედლები მთლიანად ჩამოინგრეს", - განუცხადა გელა გოგილაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტის ნანა სეფაშვილის თქმით, ეკლესიის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იღებს. „სააგენტო ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ არავინ შემოგვხმიანებია", - აღნიშნა სეფაშვილმა.