ბრუსელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულეს შეხვდა. სააკაშვილმა და ევროკომისარმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულება განიხილეს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პროცესი.
ქართულ მხარეს სურს, რომ დიალოგი ამ თემაზე უკვე წლის ბოლომდე დაიწყოს. ამ კუთხით ქართულმა მხარემ შტეფან ფულესაგან პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს არსებული გამარტივებული სავიზო რეჟიმიდან ახალ საფეხურზე, კერძოდ, უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივაზეც.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება სადაც პარტიის სამიტს დაესწრო.
"ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალზე პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს რეადმისიისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულების განხორციელების თვალსაზრისით ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ევროკომისარი მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები, უკვე უვიზო მიმოსვლის თაობაზე", _აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი.