"ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების რეგლამენტის დარღვევით განხილვაში ადანაშაულებს.
როგორც ბაღათურიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რეგლამენტის თანახმად, როდესაც კანონპროექტი შემოდის პარლამენტში განსახილველად, უნდა ჰქონდეს მითითებული ხარჯები, რომელსაც იგი ითვალისწინებს. პარლამენტის ადგილსამყოფელის ქუთაისში განსაზღვრის კანონპროექტს კი ეს ნაწილი არ აქვს. ბაღათურიამ მოუწოდა უმრავლესობას, საკონსტიტუციო ცვლილებები შეაჩერონ და კანონპროექტი ჩაასწორონ.
საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ კანონპროექტის სრული რეგლამენტის დაცვით განიხილება. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა ანჯაფარიძის თქმით, ქუთაისში პარლამენტის გადატანის ხარჯები ახალი კონსტიტუციის მიღების დროს 2009 წელს გაიწერა, შესაბამისად, მისი დაკონკრეტება წარმოდგენილ კანონპროექტში საჭირო არ არის.