„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე შეფასება პოლიტიკოსებმა კი არა, კინომცოდნეებმა უნდა გააკეთონ.
„საქართველოშიგვყავს ძალიან კვალიფიციური კინომცოდნეები: გოგი გვახარია, დავით ბუხრიკიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალები სწორედ მათი შესაფასებელია. მე სერიოზულად არ მიმაჩნია ამ ტიპის საკითხებზე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება", - განუცხადა ბერძენიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება უშუალოდ „ქართულ პარტიას" და ირაკლი ოქრუაშვილს, ბერძენიშვილის განმარტებით, მათ მიმართ „რესპუბლიკელების" პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და მას შსს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ვერ შეცვლის.
„ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. მიგვაჩნია, რომ ოქრუაშვილი არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო კარგი მინისტრი და არც ოპოზიციაში ყოფნის დროსაა კარგი პოლიტიკოსი. ასევე გვახსოვს, რომ ამ გამოქვეყნებული მასალების ავტორები ოქრუაშვილის ვეზირები იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენს პოზიციებს ეს მასალები არ განსაზღვრავს", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, „ქართული პარტიის" პარიზში მცხოვრები ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში შემოსვლას ცხინვალიდან, "გრუს" სპეცრაზმელებთან ერთად გეგმავდა. მას წინასწარ შექმნილი 20-მდე ქართული ბანდფორმირების დახმარებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ჯერ ქართული საგუშაგოები, შემდეგ კი გორში მდებარე პოლიციის შენობა უნდა განეიარაღებინა.