„ეროვნული საბჭოს" ლიდერი ზვიად ძიძიგური შსს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს უნდობლობას უცხადებს და ვანო მერაბიშვილის უწყებას „ქოსატყუილად" უწოდებს.
„მე მახსოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაშიფრული სქემა, თუ როგორ მოიკლა თავი ზურაბ ჟვანიამ, თუმცა შემდეგ გამოძიება ბოლომდე არ მივიდა და ეს სქემა არ დადასტურდა. 2003 წლიდან დაწყებული დღემდე დამთავრებული, შსს-ის მიერ გავრცელებული ბევრი ვიდეო-და აუდიომასალა მინახავს, მაგრამ მასალების ადეკვატური სასამართლო განაჩენი არ მომისმენია. ამიტომ. ჩემთვის, შსს-ის ვერსიები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სქემით აპირებდა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში შემოსვლას, არადამაჯერებელია", - განუცხადა ზვიად ძიძიგურმა „ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულის პარალელურად, ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ „რაღაც გეგმები" ირაკლი ოქრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა, თუმცა რა, „ამაზე მკითხაობა მიზანშეუწონელი და უსარგებლო საქმიანობაა".
„ოქრუაშვილს რომ რაღაც გეგმები ჰქონდა, ნამდვილად ვიცი. ის 25 მაისს საქართველოში ჩამოსვლას ტყუილად არ გამოაცხადებდა, მაგრამ რამდენად შეიძლებოდა იმ სქემით ესარგებლა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახატა, ძნელი სათქმელია და ამაზე ლაპარაკი მკითხაობას უფრო ჰგავს", - განმარტავს ძიძიგური.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, „ქართული პარტიის" პარიზში მცხოვრები ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში შემოსვლას ცხინვალიდან, "გრუს" სპეცრაზმელებთან ერთად გეგმავდა, რომელსაც წინასწარ შექმნილი 20-მდე ქართული ბანდფორმირების დახმარებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ჯერ ქართული საგუშაგოები, შემდეგ კი გორში მდებარე პოლიციის შენობა უნდა განეიარაღებინა.