საპარლამენტო უმრავლესობა შსს-ის მუშაობით კმაყოფილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ ბალავაძემ შსს-ს მიერ ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ცხინვალის გავლით შემოსვლასთან დაკავშირებული საქმის გაშიფვრის შეფასებისას განუცხაა. მისი თქმით, ოქრუაშვილის მცდელობებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ახალი არაფერია. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებებს.
"ოქრუაშვილი მოქმედებდა არა თავისი ღირსების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთსი სპეცსამსახურების დავალებით. თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდა რამდენად კარგად მუშაობს შსს. მათ არა ერთხელ შეძლეს მსგავსი ქმედებების აღკვეთა", - აცხადებს ბალავაძე.
ამასთან, დეპუტატი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს რუსეთის სპეცსამსაუხრების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობის ფაქტებს და აღნიშნავს რომ რუსეთს ამ კუთხით თავისი მიზნები საქართველოსთან მიმართებაში კვლავ აქვს.
"ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი ებრძვის არა დღევანდელ ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოებრიობას. სწორედ ეს არის მათი მიზანი, თუმცა მთავარი მაინც ქართველი ხალხის განწყობაა, რომელიც ყველამ კარგად იცის", - მიაჩნია ვახტანგ ბალავაძეს.