ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან წლის ბოლომდე 10 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაიყვანს. 2012 წლის ზაფხულში ავღანეთს 33 000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჯარისკაცის ფორმიან ქალებსა და კაცებს. ჯარის გაყვანას მომავალი თვითან დავიწყებთ და წლის ბოლომდე 10 000 სამხედრო დაბრუნდება ქვეყანაში. მომავალი წლის ზაფხულში კი სულ 33 000 სამხედრო დატოვებს ავღანეთს. ამ ინიციატივის შემდეგ ქვეყანას ავღანელი სამხედროები გადაიბარებენ. ჩვენი მისია კი აღარ იქნება საბრძოლო და მხოლოდ მხარდაჭერით შემოიფარგლება. 2014 წლისთვის ავღანელი ხალხი სრულად იქნება პასუხისმგებელი საკუთარ უსაფრთხოებაზე", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მან მადლობა გადაუხადა კოალიციურ პარტნიორებს, რომლების დახმარებითაც ავღანეთში დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდა. ობამამ ერთ-ერთ მთავარ მიღწევად „ალ-ქაიდას" ძალების საგრძნობლად შესუსტება დაასახელა. ობამას გეგმა ჯარისკაცების გაყვანის შესახებ გაცილებით მცირე დროზეა გაწერილი ამერიკელი სამხედროების მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან შედარებით.