ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი" აპროტესტებს რენე ჰარლინის გახმაურებელ ფილმს „აგვისტოს 5 დღე"-ს, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდში „თრიალეთის" შესახებ არაობიექტური ინფორმაციაა ასახული.
ტელე-რადიო კომპანის ფილმის იმ ეპიზოდს აპროტესტებს, სადაც უცხოელი ჟურნალისტები ცდილობენ ტელეკომპანიაში მასალის მიტანას, მაგრამ შენობა დაკეტილი ხვდებათ. რეჟისორი კადრში აჩვენებს „თრიალეთის" ლოგოს და ჯაჭვით დაკეტილ კარს.
"სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარად იყო. ჩვენი კარი არათუ დაკეტილი იყო, არამედ სწორედ ჩვენს ტელეკომპანიაში იყო განთავსებული მედიაცენტრი, საიდანაც ათეულობით ჟურნალისტი ( მათ შორის მსოფლიო წაყვანი მედიასაშუალებებიდან) გადასცემდა ახალ ამბებს.
საომარი მოქმედებების დროს ყველა ველოდებოდით, რომ პირველ დარტყმას სწორედ ჩვენ მივიღებდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც ერთ თამამშრომელს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი შენობა არ დაუტოვებია. ხოლო მას შემდეგ, რაც გორის ტელე-ცენტრი დაიკავეს, მწყობრიდან გამოვიდა გადამცემი და მოსახლეობის გაფრთხილების გარეშე ქალაქიდან გაიქცა ადგილობრივი ხელისუფლება, გუბერნატორი და სხვა სამართალდამცავი ორგანოები, მხოლოდ მაშინ დატოვა ქალაქი თანამშრომლების ერთმა ნაწილმა, თანამშრომელთა დიდი ნაწილი კი კვლავ ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებოდა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „თრიალეთის" კარი არცერთი წუთით არ დაკეტილა", - ნათქვმია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თუ ფილმის რეჟისორს დაკეტილი კარის გადაღება უნდოდა, მას შეეძლო გუბერნიის შენობა გადაეღო.
"ხელისუფლება საკუთარი სარეკლამო ფილმით სამაგიეროს გვიხდის იმის გამო, რომ ჩვენს ეთერში შუქდება მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია, რაც მათთვის მიუღებელია. ასეთი საშინელი, შეკვეთილი სიცრუითა და ცილისწამებით, - რომ თითქოს „თრიალეთის" თანამშრომლები გაიქცნენ ომის ეპიცენტრიდან, - ხელისუფლება ცდილობს, შელახოს ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომლების პროფესიული და ადამიანური ღირსება.აქედან ნათლად ჩანს, თუ როგორ ხორციელდება ტელეკომპანიაზე ზეწოლა და რამდენად რთულ და საშიშ მდგომარეობაში გვიწევს მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ტელე-რადიო კომპანია აღნიშნავს, რომ ფილმის რეჟისორს ამ კონტექსტში ტელეკომპანია „ თრიალეთის" ლოგოსა და შენობის ჩვენების არანაირი უფლება არ ჰქონდა.
"ჩვენ საქმე გვაქვს ფაქტების განზრახ დამახინჯებასთან, რაც ტელეკომპანია „თრიალეთის" დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ქვეყნის პირველი პირების დავალებით მოხდა. ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი" ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ფილმის რეჟისორის რენე ჰარლინის და პროდიუსერების პაპუნა დავითაიასა და კობა ნაყოფიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.