დღეს, 23 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ე.წ. "გეპეის კაპელას" კონცერტი გაიმართება.
კონცერტებს კაპელა ყოველწლიურად მართავს, თუმცა როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, წლევანდელი ღონისძიება გამორჩეულია, რადგან საესტრადო და რესპუბლიკური კონკურსებისა და ფესტივალების მრავალგზის ლაურეატ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელსა და მთავარ დირიჟორს ციცი ფალავანდიშვილს კაპელაში მოღვაწეობის 30 წელი უსრულდება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი "მგზავრებიც", რომლის სოლისტებიც კაპელის ხელმძღვანელის, ციცი ფალავანდიშვილის შვილები, გიგი და ნინი დედალამაზიშვილები არიან. როგორც ცნობილია, 15-კაციანი ჯგუფიდან 8 "მგზავრებში" მღერის. ჯგუფი "მგზავრები" თავის სიმღერებს არ იმღერებს.
კონცერტში კაპელის ახალი თაობის გარდა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. სიმღერებს მამებისა და შვილების თაობები ერთად შეასრულებენ. ფალავანდიშვილის ვაჟთა კაპელაში მოღვაწეობის პერიოდში მომღერალთა 7 თაობა შეიცვალა.
"გეპეის კაპლაში" ძალიან ბევრი ადამიანი მღეროდა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.