შეკრებებისა და მანიფესტაციების წესების დარღვევისთვის, საჯარო მოხელეები განსაკუთრებულად დაისჯებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოხელეებს, რომელთაც ე.წ. ტაბელური იარაღის ტარების უფლება აქვთ, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის, საშტატო-სამსახურეობრივი იარაღის სამი წლით ჩამორთმევა ელით.
კერძოდ, ასეთი სასჯელი ემუქრება პირს, რომელიც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ზოგადად, ჩატარების წესს დაარღვევს, სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას მოახდენს და ან მანიფესტაციას გამართავს მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საერთო სასამართლოში. ასევე, თუ შეკრებაში მონაწილეობისას აკრძალულ ნივთს იქონიებს, ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს შეუშლის და ა.შ.
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურის უფლებამოსილ მოხელეებს. ასევე, მოსამართლეებს; სასამართლოს მანდატურებს; გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს; ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს - სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრებს; სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და წევრებს და იმ მთავარ საჯარო თანამდებობის პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, გიორგი ჩივიაშვილი და ზვიად კუკავა არიან.