იმ შემთხვევაში, თუ რუსული ვერტმფრენმზიდი "მისტრალი" ბალტიის ზღვაში განთავსდება ლატვია ნატოსგან კომპენსაციას მოითხოვს. აღნიშნული განცხადება ლატვიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ინგა სალენიეცემ და თავად თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა გააკეთეს.
"თუ ეს გარიგება ბალტიის ზღვაში უსაფრთხოების ბალანსს დაარღვევს, ლატვია მოითხოვს კომპენსაციას იმისთვის, რომ ბალანსი აღადგინოს", _ განაცხადა "ტელეგრაფთან" საუბარისას თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების ბალანსის დარღვევის მაუწყებელი იქნება თავად ფაქტი ბალტიის ზღვაში "მისტრალების" განთავსებისა.
"ამ შემთხვევაში, ლატვია სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას მოითხოვს საფრანგეთისგან, ისევე როგორც ბლოკისგან. დახმარების მოცულობა კი ისეთი უნდა იყოს, რომ რეგიონში ძალთა გადანაწილების ბალანსი კვლავ გათანაბრდეს", _ აცხადებს მინისტრი.
ლატვიის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ვიდრე საფრანგეთსა და რუსეთს შორის ეს მრავალმილიარდიანი გარიგება შედგებოდა, პარიზი ინტენსიურ კონსულტაციებს რიგასთან გადიოდა.