აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ექსპერტ მამუკა არეშიძის იდეას კატეგორიულად გმობს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება.
"ძალიან გამიკვირდა ბატონი მამუკასგან მსგავსი ინიციატივის გაჟღერება. მისი შეხედულებები ხშირად გასაზიარებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ის საფუძველი, რაც მან იდეას დაუდო, მიუღებელია. მცდარი ხედვა აქვს ბატონ მამუკას: თუ საქართველო დამოუკიდებლად გამოაცხადებს თავის რეგიონს, ამით, პრაქტიკულად, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება, რადგან სხვა არაერთი რეგიონი, რომელიც ჩასაფრებულ პოზიციაში იმყოფება, თავს წამოყოფს, მათ შორის ცხინვალი. ამ ნაბიჯით საქართველოს დაშლა დაიწყება, მით უმეტეს, რომ რუსეთში ჯერ კიდევ დგას საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოებად გაყოფის თემა. ამას მოჰყვება უკვე დაყოფილი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოების დაშლა - დასავლეთის ცალკე სამეგრელოდ, ცალკე სვანეთად და ა.შ. ერთი სიტყვით, ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გამოგვეცლება თვალსა და ხელს შუა. ამიტომ ურყევი უნდა იყოს ქვეყნის და ყველა პოლიტიკოსის პოზიცია - 100 წელიც რომ გავიდეს, მაინც განვაცხადებთ აფხაზეთზე პრეტენზიას და მაინც დაველოდებით აფხაზ ეთნოსში იმ ძალების გამოჩენას, რომლებიც შეცდომას მიხვდებიან და ჩვენთან დიალოგზე წამოვლენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გვაზავამ.
მისი თქმით, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პრეცენდენტი, როცა ცენტრალურ ხელისუფლებას საკუთარი რეგიონის დამოუკიდებლობა უღიარებია მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
"მე არ მინახავს ქვეყანა, რომელიც თავის რეგიონს აძლევს დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ თურმე, როგორც ბატონი მამუკა ამბობს, პროცესი ჩიხშია შესული. კვიპროსის პროცესიც ჩიხშია შესული, მაგრამ ის ჯიუტად დგას თავის სიმართლეზე. 100 წელიც რომ გავიდეს, საქართველოს თავის ტერიტორიებზე პრეტენზია მაინც ექნება და როგორც კი ჩვენ მას ვცნობთ, პრაქტიკულად, დადგება ამ მიწის რუსეთთან მიერთების საკითხი. ამ პროცესს აღიარებით ვერ შევაჩერებთ. რაც შეეხება დევნილების დაბრუნებას, რომელსაც მამუკა არეშიძე აღიარების წინაპირობად ასახელებს, ისეთ ძალასთან გვაქვს საქმე, რომ ეს გამორიციხულია", - აღნიშნა გვაზავამ.
რაც შეეხება აფხაზური ეთნოსის გადარჩენას, რაც არეშიძის მიერ აღიარების გამართლების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს, გვაზავა ამ კონტექსტში ექსპერტს ეთანხმება და აცხადებს, რომ მას ასიმილაცია მართლაც ემუქრება.
"თან ხდება სწრაფი ასიმილაცია, რაშიც ბატონ მამუკას ვეთანხები და ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს ეთნოსი გაქრება. მაგრამ საკითხავია ისიც, თვითონ აფხაზურ ეთნოსს უნდა თუ არა ჩვენთან ურთერთობა? დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ უნდა. არის მეორე მომენტიც - თუ დღეს დაგვეკარგება აფხაზური ეთნოსი, ხვალ ქართველების გადაშენების საკითხიც დადგება. ეს არის ჩაფიქრებული. თუ დააკვირდებით თეზისი "საქართველო ქართველების გარეშე" ვიღაცების თავებში ჯერ კიდევ არსებობს და არა მარტო ჩრდილოეთის მხარეს", - აღნიშნა გვაზავამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, რითაც ამ ტერიტორიასთან მიმართებაში რუსეთს მორიგი მანევრის გაკეთების შანსს მოუსპობს, თავად აფხაზების ეთნოფონდს კი გადაშენებისგან იხსნის.