ბრიუსელში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, სხდომაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ლეგალური და არალეგალური მიგრაციის, საზღვრის მართვის, დოკუმენტების უსაფრთხოების, იძულებით გადაადგილებულ პირთა, სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებათა იმპლემენტაციის, ნარკოტიკებთან, ტერორიზმთან, ფულის გათეთრებასა და კორუფციასთან ბრძოლის, სამართლებრივი თანამშრომლობის, ასევე სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის დახმარებების საკითხები.
ქვეკომიტეტის სხდომის თანათავმჯდომარეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თეა ახვლედიანი და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი სამმართველოს უფროსი ჯონ კეარი იყვნენ. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის მუშაობაში ჩართული საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ხოლო ევროპული მხრიდან საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, ექსპერტთა დონის ერთ-ერთ ინსტიტუტს წარმოადგენს.