აშშ-ის კონგრესის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის თავდაცვის მდივნის პოსტზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ლეონ პანეტის დანიშვნას.
რობერტ გეიტსი თავდაცვის მდივნის თანამდებობას 30 ივნისს დატოვებს.
ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი სურვილია ქვეყნის თავდაცვას პანეტამ უხელმძღვანელოს.
ლეონ პანეტა 73 წლისაა. ის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. 1994-1997 წლებში იყო თეთრი სახლის თანამშრომელთა აპარატის ხელმძღვანელი, 1993-1994 წლებში ხელმძღვანელობდა თეთრი სახლის ადმინისტრაციულ საბიუჯეტო სამმართველოს, 1977-1993 წლებში იყო კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი.
უნდა აღინიშნოს, რომ 1971 წელს მან დატოვა "რესპუბლიკური პარტია" და "დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანდიდატურა სამი ძირითადი კრიტერიუმით შეაფასა. პირველი, კანდიდატი უნდა ყოფილიყო დიდი გამოცდილების და ჰქონოდა შესაბამისი ცოდნა სამხედრო ბიუჯეტის შედგენაში, მეორე - უნდა ჰქონოდა გავლენა კონგრესში და მესამე - ყოფილიყო ლოიალური ობამას გეგმის მიმართ, რომელიც თავდაცვის უწყების საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
აშშ-ის პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, პენტაგონის ბიუჯეტი უახლოესი 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდი დოლარით უნდა შემცირდეს.
რაც შეეხება ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს, მას ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების მეთაური, გენერალური დევით პეტრეუსი უხელმძღვანელებს. მის ადგილს კი, გენერალური ჯონ ალენი დაიკავებს.