საბერძნეთს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად 12 მილიარდი ევრო გამოეყოფა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ლუქსემბურგში გამართულ, ევროზონის ფინანსთა მინისტრთა შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელზეც საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი და მისთვის კრედიტის გაცემის შესაძლებლობები განიხილებოდა.
ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, 12 მილიარდიანი კრედიტი საბერძნეთს უახლოეს თვეებში დასაფარი ვალების დეფოლტს ააცილებს.
კრედიტი საბერძნეთს ქვეყანაში საკმაოდ მძაფრი შიდაეკონომიკური რეფორმების გატარების პირობით გამოეყო, რამაც ათენის ქუჩებში უკვე გამოიწვია გაფიცვები, დემონსტრაციები და მასობრივი არეულობები.
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, კერძო ინვესტორებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა საკუთარ თავზე აიღონ საბერძნეთისათვის გამოყოფილი კრედიტის რაღაც ნაწილი, რაც საბერძნეთს ვალის დასაფარად დამატებით დროს მისცემს.
ევროზონის ფინანსთა მინისტრთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ჯან-კლოდ იუნკერის განცხადებით კი, გერმანია საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის მოგვარების საქმეში კერძო კრედიტორების ჩართვის ინიციატივით ,,ცეცხლს ეთამაშება".