პარტია „თავისუფალ საქართველოში" მიიჩნევენ, რომ კომპანია "სოკარი" და ენერგეტიკის სამინისტრო არ ითვალისწინებენ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი სოფლების ინტერესებს.
„როგორც მოგეხსენებათ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზისა და ნავთობის მომპოვებელი საბადოებია განთავსებული, რომლის არსებობაც ერთი შეხედვით მხოლოდ დადებით ემოციას უნდა იწვევდეს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის, რადგან გაზის მომპოვებელიც, დისტრიბუტორიც და ენერგეტიკის სამინისტროს ცალკეული წარმომადგენლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. მომპოვებელმა,დისტრიბუტორმა და სამინისტროს ჩინოვნიკებმა, ისე, რომ მოსახლეობის თხოვნა და არსებული ვითარება არ გაითვალისწინეს, გაზარდეს ფასი ბუნებრივ აირზე. ფასების ზრდის დინამიკა დაიწყო 2009 წლის დასაწყისიდან, როდესაც ერთი კუბური მეტრი გაზი ღირდა 10.5 თეთრი, ი/წ მაისში გახდა 25 თეთრი ხოლო ივლისიდან 45 თეთრი, ისე, რომ გათვალისწინებული არ იყო ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ უმეტეს სოფლებში ცხოვრების რისკი გაზრდილია. ადგილობრივ გაზში მეთანის შემცველობა მხოლოდ 75%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ გაზი აქ უფრო ძვირია, ვიდრე დანარჩენ საქართველოში,რადგან ხარისხი დაბალია", - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს" საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე კახა ლაფერაშვილმა.
მისი თქმით, პარტია "თავისუფალი საქართველოს" მიმართა მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა. ისინი აცხადებენ, რომ მიმართეს გაზის დისტრიბუტორ კომპანიას გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, სადაც განუმარტეს, რომ ვისაც ახლა გაუყვანენ გაზს, მათთვის უკვე ფასი არა 45 თეთრი, არამედ 50 თეთრზე მეტი იქნება და ეს ფასი მალე ყველა აბონენტისთვის იქნება ერთნაირი. მისი თქმით, ეს არათუ უსამართლობაა, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის აბუჩად აგდებაცაა.
"როდესაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დისტრიბუტორად შემოვიდა კომპანია "სოკარი", ხელმეორედ მოითხოვა მრიცხველების შემოწმება და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს და არ ჰქონდა საშუალება გადაეხადა შემოწმების საფასური, ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი უმეტეს ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტეს.მივმართავთ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას, დისტრიბუტორ კომპანია "სოკარს", გადახედონ ტარიფებს და მაღალი რისკის ზონაში მყოფ საგარეჯოს მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული იქნას რისკფაქტორები: ჯერ კიდევ 2005 წელს გაზისა და ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ დაბინძურდა ჰაერი, მიწები და ასეთი შემთხვევისგან არც დღესაა დაზღვეული ადგილობრივი მოსახლეობა", - აღნიშნა ლაფერაშვილმა.