2010 წელს საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ გამოვიდა რეცესიის მდგომარეობიდან, არამედ ზრდა დაფიქსირდა კრიზისამდელ პერიოდთან შედარებითაც კი, ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2010 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
სებ-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური მატების წლიურმა მაჩვენებელმა 6.4 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2009 წლის განმავლობაში რბილი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რომლის გავლენაც ეკონომიკაზე 2009 წლის მეოთხე კვარტლიდან აისახა და თვალსაჩინო შედეგი 2010 წელს აჩვენა.
"2010 წლის ოთხივე კვარტალში რეალური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მაღალი ზრდით გამორჩეული იყო მეორე კვარტალი, როდესაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით რეალურმა ზრდამ 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე მხრივ, მშპ-ზე მოქმედი სეზონურობის ეფექტის გამორიცხვის შედეგად გასული წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით მცირე (1 პროცენტით) რეალურ კლებას ჰქონდა ადგილი. სეზონურობაზე შესწორებული მონაცემების მიხედვით, დანარჩენ კვარტალებში (წინასთან შედარებით) მშპ საკმაოდ ინტენსიურად, 2-3 პროცენტით იზრდებოდა"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის ნომინალური მშპ წინა წელთან შედარებით 15.6 პროცენტით გაიზარდა, რასაც წინ
უსწრებდა 2009 წელს 5.7-პროცენტიანი კლება. საანგარიშო წელს მშპ-ის დეფლატორი წინა წელთან შედარებით 8.7 პროცენტით გაიზარდა. როგორც მშპ-ის დინამიკის სექტორული ანალიზიდან ჩანს, 2010 წლის ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი ისეთ დარგებს შეაქვთ, რომლებიც 2009 წელს ეკონომიკურ კლებაში მაღალი უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდნენ; კერძოდ, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია 2010 წელს ტრანსპორტისა და საფინანსო საქმიანობის სექტორების მნიშვნელოვანი ზრდა (13.1 და 14.7 პროცენტი, შესაბამისად) და რეალური მშპ-ის ზრდაში მათი მაღალი წვლილი (0.8 და 0.4 პროცენტი).
"საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანეს შემდეგმა სექტორებმა: „კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება", „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და კომერციული მომსახურება", „სასტუმროები და რესტორნები" და „კავშირგაბმულობა". დანარჩენ სექტორებში შექმნილი დამატებითი ღირებულების ზრდის წვლილი მთლიან ზრდაში შედარებით მოკრძალებული იყო. ამავე დროს, არსებითი კლება ეკონომიკის არცერთ სექტორში არ დაფიქსირებულა.
2008 წელს მნიშვნელოვანწილად, ხოლო 2009 წელს _ ძირითადად, რეალურ მშპ-ში პოზიტიური წვლილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სექტორებს შეჰქონდა. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ეკონომიკური ზრდა დიდწილად ბიზნეს სექტორმა განაპირობა.
2010 წლის განმავლობაში ნომინალური მშპ-ის 15.6-პროცენტიანი ზრდა, ძირითადად, „კაპიტალის ფორმირებისა" და ექსპორტის ზრდით აიხსნება.
2009 წლის განმავლობაში, 2008 წელთან შედარებით განახევრებული „მთლიანი კაპიტალის ფორმირება" 2010 წელს მნიშვნელოვნად (73 პროცენტით) გაიზარდა. საანგარიშო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად (35 პროცენტით) გაიზარდა ექსპორტის მოცულობა, რაც ნაწილობრივ
ფასების ზრდის ეფექტით აიხსნებაროგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, საბოლოო მოხმარებაზე დანახარჯები 5.7 პროცენტით გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურ გამოხატულებაში ამ კატეგორიის მცირედ კლებას ჰქონდა ადგილი. აღნიშნული კლება კი იმით აიხსნება, რომ მთლიანი საბოლოო მოხმარების ნომინალური ზრდა 2010 წელს სამომხმარებლო ფასების საშუალო წლიურ მატებას (7.1 პროცენტი)
ჩამორჩება. მთლიანი მოხმარების ეს რეალური კლება სახელმწიფო მართვის ორგანოების დანახარჯების 0.6 პროცენტით კლების შედეგია. საბიუჯეტო დანახარჯების აღნიშნული შემცირება კი
დეფიციტის შემცირებისაკენ მიმართული პოლიტიკით აიხსნება. 2010 წელს საბოლოო მოხმარების ნომინალური ზრდა მისი უმსხვილესი ნაწილის _ შინამეურნეობების სამომხმარებლო დანახარჯების 7.6-პროცენტიანი ზრდის შედეგია" "- წერს ეროვნული ბანკი.
სებ-ის 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წელს იმპორტის მოცულობამ საკმად მაღალი ზრდა (23.5 პროცენტი) აჩვენა, რაც ექსპორტის მსგავსად, ნაწილობრივ სავაჭრო საქონელზე ფასების მომატებამ განაპირობა. „მთლიანი კაპიტალის ფორმირების" 73-პროცენტიან ზრდაში „მარაგების ცვლილების" და „ძირი თადი კაპიტალის ფორმირების" მატებამ დაახლოებით ერთნაირი წვლილი შეიტანა.
საწარმოთა მარაგები 2010 წელს სტაბილურად, თუმცა კრიზისამდელ პერიოდთან შედარებითდაბალი ტემპით იზრდებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ზრდის შედეგად მიღწეული მარაგების დონე (მიმდინარე ფასებში) 2008 წლის დონეს უმნიშვნელოდ აღემატება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მარაგების რეალური მოცულობა 2008 წელთან შედარებით არ გაზრდილა.
2010 წელს „ძირითადი კაპიტალის მთლიანი ფორმირება" წინა წელთან შედარებით 30 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა წლის განმავლობაში სტაბილური მატების შედეგი არ იყო. სებ-ის ინფორმაციით, წელი მთლიანი ინვესტიციების შემცირებით დაიწყო, მესამე და მეოთხე კვარტალებში კი 40 პროცენტზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა. მთლიანობაში, კაპიტალის ფორმირების დონე (ნომინალურ გამოხატულებაში) საკმაოდ ჩამოუვარდება შესაბამის სიდიდეს კრიზისამდელ პერიოდში.
მთლიანობაში, როგორც აღინიშნა, 2010 წელს ქვეყნის ნომინალური მშპ-ის საგრძნობი მატება ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტის შედარებითი გამოცოცხლებითა და კაპიტალის
ფორმირების მაჩვენებლის მაღალი ზრდით. სახელმწიფო მართვის ორგანოების საბოლოო მოხმარების მცირე კლების შედეგად კი მთლიანმა საბოლოო მოხმარებამ დაბალი ზრდა აჩვენა, რამაც გარკვეულწილად შეანელა ნომინალური მშპ-ს ზრდა