"ქრისტიან-დემოკრატები" იმედს გამოთქვამენ, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენით არ შემოიფარგლება და მას გარკვეული რეაგირებაც მოჰყვება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"ქრისტიან-დემოკრატებს სახალხო დამცველის ანგარიშზე კონკრეტული პროექტი გვაქვს შემუშავებული და იმედი გვაქვს, რომ მის დარიგებას საორგანიზაციო დეპარტამენტი დროულად შეძლებს, რათა დეპუტატებმა გაცნობა მოასწრონ", - აღნიშნა თარგამაძემ და დასძინა, რომ თუ უმრავლესობა მათი დადგენილების პროექტით დაინტერესდება, მზად არიან კონსულტაციები გაიარონ განახლებული პროექტის მისაღებად.
დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშზე პარლამენტში მხოლოდ მოსმენით არ შემოიფარგლებიან და მას რეაგირებაც მოჰყვება საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, რომელიც ადამიანის უფლების საკითხებში პოლიტიკური პასუხისმგებლობის ორგანოა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შევიდა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 მარტს მოისმენენ. ანგარიშს თავად ომბუდსმენი გიორგი ტუღუში წარადგენს.