საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პარლამენტს მოუწოდებს მედიაჰოლდინგ "კვირის პალიტრასთან" დაკავშირებულ პროცესებს მონიტორინგი გაუწიოს.
აღნიშნული წინადადებით დღეს, ბიუროს სხდომაზე თარგამაძემ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს მიმართა.
"პოლიტიკური პარტიების არა ერთმა ლიდერმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს მედიასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკოსების განცხადებები, რომ მედიაჰოლდინგ "კვირის პალიტრასთან" დაკავშირებით დაწყებული პროცესები პოლიტიკური დატვირთვის მოტივაციით არ არის ნაკარნახევი, თუმცა ეს გრძელდება და ჩვენ ძალიან ბევრი არგუმენტი გვაქვს შესაშფოთებლად და ეჭვების გამოსახატად, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება", - აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთან, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი და ბიურო აქტიურად ჩაერთვება პროცესში მონიტორინგის გასაწყებად და ეცდება, რომ ეს არაჯანსაღი გარემო და სიტუაცია გამოსწორდეს და შემოწმებასთან დაკავშირებული პროცესები მალე დასრულდეს.
"იმედი გვაქვს, რომ ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ამ ჰოლდინგშია დასაქმებული, არ იქნება ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და რაც მთავარია, ამ ქვეყანაში დაბალანსებული, მედიის ერთ-ერთ ძირითად წყაროს არ გაუჩნდება ისეთი ტიპის საფრთხე, რომელიც ბოლო წლებში არაერთხელ განხორციელდა ქართულ მედიასთან დაკავშირებით", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, თარგამაძის შეფასებით, კარგი იქნება, თუ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე უფრო ნათელი და მკაფიო პოზიცია დაფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგ "კვირის პალიტრის" ექვს ორგანიზაციაში საგადასახადო სამსახური გასულ კვირას შევიდა.