უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ნატოს შესახებ რობერტ გეიტსის მიერ გაკეთებული განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ევროპას გარკვეული გაფრთხილება მისცა.
"რობერტ გეიტსი არ არის მარტო რობერტ გეიტსი. ის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანია. გეიტსის სახით ნატოსთან მიმართებაში შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციის გახმოვანება მოხდა. ნატოში დიდი ხანია აზრთასხვადასხვაობაა ორგანიზაციის განვითარების, გაფართოებისა თუ მისი როლის შესახებ. სიტუაცია ასეთია: ნატოში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის შექმნითა და ევროპის საზღვრების, გარკვეულწლილად, შემოსაზღვრით, ნატოს გაფართოება დასრულდა და მას ზედმეტი სატკივარი არ სჭირდება. გარდა ამისა, ევროპა უფრო მეტად სოციალისტურ სახელმწფოებს დაემსგავსა, სადაც მთავარი აქცენტი სოციალურ კეთილდღეობაზე კეთდება და ევროპის ძველ ქვეყნებს არ სურთ გაიღონ ზედმეტი ფული უსაფრთხოებისთვის იმდენად, რამდენადაც ძალიან შეეჩვივნენ უსაფრთხოების ამერიკული ფულით უზრუნველყოფას. ამასთან, ევროპას, მგონი, დაავიწყდა, რომ ის ფაშიზმისგან შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იხსნა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნატო გადაწყვეტილებებს კონსენსუსის სახით იღებს და შეერთებულ შტატებს ისეთივე ხმა აქვს, როგორიც თუნდაც ლიტვას - ერთი ქვეყანა ერთი ხმა. ამ ფონზე, აშშ, რიგ შემთხვევაში, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ვერ მოქმედებს ისე, როგორც სურს, იმდენად, რამდენადაც ევროპა, არის შემთხვევები, როცა შეერთებული შტატების პოზიციებს მხარს არ უჭერს (მიუხედავად იმისა, რომ ის ნატოს 75 %-იანი დამფინანსებელია). ერთი სიტყვით, შეერთებულ შტატებს, ეს ვითარება მობეზრდა", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, აშშ ფსონს აღმოსავლეთ ევროპაზე აკეთებს და თუკი ნატოს წევრი ქვეყნები შეერთებული შტატების მნიშვნელობასა და როლს არ დააფასებენ, შესაძლოა, ახალი ალიანსიც შექმნას.
"შეერთებული შტატები ნატოს განვითარების და პერსპექტივების ანალიზს აკეთებს და ფსონებს დებს აღმოსავლეთ ევროპაზე - ევროპას ახლადშეერთებულ ქვეყნებზე (რომლებიც მადლიერნი არიან იმის გამო, რომ შეერთებული შტატები მათ მხარს უჭერს, ფინანსურად ეხმარება), თუნდაც იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ნატოსკენ მიისწრაფვიან, მათ შორის საქართველოც მოაზრება. შეერთებული შტატები ხედავს, რომ ეს ქვეყნები უფრო აქტიურად მონაწილეობენ ამერიკულ პროექტებში, ვიდრე გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია და ა.შ. ამიტომ, გეიტსის მიერ გაჟღერებული განცხადება, ერთგვარად ევროპის გაფრთხილება იყო იმის შესახებ, რომ თუ ის ვერ ხედავს მსოფლიოში და განსაკუთრებით ნატოში ამერიკულ წვლილს და ფიქრობს, რომ ევროპას დემოკრატობანას თამაშით შეუძლია თვალი დახუჭოს ორგანიზაციაში აშშ-ის ინტერესებსა და როლზე, ეს ასე არ გამოვა. შეერთებული შტატები ამ განცხადებით აფრთხილებს ევროპას, რომ თუ ამერიკულ ინტერესებს და პოზიციებს არ გაითვალისწინებს, მაშინ აშშ შექმნის ახალ ალიანსს, შეიყვანს მასში მის რეალურად პარტნიორ ქვეყნებს, კარგადაც დააფინანსებს და ნატო დარჩება სერიოზული დაფინანსების გარეშე. ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს კი მოუწევთ სერიოზული თანხმების გაღება იმისთვის, რომ არსებული ნატო შეინახონ, რაც არც ისე ადვილია - შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სისტემა მოითხოვს სერიოზულ ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც ძირითადში ახლა თავის თავზე სწორედ შეერთებულ შტატებს აქვს აღებული", - განმარტავს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი.
ამასთან, სესიაშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად აღნიშნული, გამაფრთხილებელი განცხადებისა, სიტუაციის გართულება არ უნდა მოხდეს, რადგან, ევროპა, სავარაუდოდ, "გონს მოეგება".
"შეერთებული შტატები ეუბნება ნატოს წევრ ქვეყნებს, რომ მათაც ისეთივე წვლილი შეიტანონ ორგანიზაციის დაფინანსებაში, როგორიც აშშ-ის შეაქვს ან კეთილი ინებონ და მის პოზიციას სცენ პატივი და მისი პროექტების მიმართ, რომელსაც შეერთებული შტატები აყენებს ხოლმე სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, დიდ წინააღმდეგობას ნუ გამოიჩენენ. აშშ-ის პრეტენზიები ობიექტურია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ სიტუაცია გართულდება. ჩემი აზრით, ევროპა გონს მოვა, იმდენად, რამდენადაც, ის თავადაც ხედავს, რომ შეერებული შტატების გარეშე არ აქვს ძალა რაიმე ღირებული წვლილი შეიტანოს მსოფლიოში უსაფრთხოების საქმეში. ეს დადასტურდა თუნდაც ლიბიის ოპერაციით და იმითაც, რომ, თავის დროზე, ევროპა შეეცადა შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად შეექმნა ევროპის შეიარაღებული ძალები. შექმნა კიდეც, თუმცა არა მგონია, ბევრს რაიმე სმენოდეს ასეთი ძალების მისიასთან დაკავშირებით", - განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, რობერტ გეიტსმა რამდენიმე დღის წინ ნატო მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, ნატო, შესაძლოა, უუნარო ორგანიზაცია გახდეს. ამასთან, ბრიუსელში სიტყვით გამოსვლის დროს პენტაგონის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სულ უფრო უძნელდება ალიანსის დაფინანსება და მისი ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის საჭიროა ნატოს სხვა წევრებმა თავდაცვაში უფრო მეტი წვლილი შეიტანონ.