კასპის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელება სოფლის სარწყავი არხების გაწმენდით დაიწყო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2011 წელს კასპის მუნიციპალიტეტს, სოფლის პრობლემების მოგვარებისათვის 756 849 ლარი გამოეყო, რომელიც 16 საკრებულოს 72 სოფელზე გადანაწილდა. სულ განხორციელდება სხვადასხვა სახის 90 პროექტი, მათგან 12 - სოფლის სარწყავი არხების გაწმენდა-გაფართოებას ითვალისწინებს.
სარწყავი არხების გაწმენდა-გაფართოების სამუშაოები, უკვე დამთავრდა სოფელ თეზსა და ფერმაში (ოკამის ტერიტორიული ორგანო). შესრულებული სამუშაოების შედეგად, ორივე სოფელში 320 ოჯახის, 300 ჰექტარი მიწის ფართობი მოირწყვება, რაც ადგილობრივ მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანაში მნიშვნელოვანი დახმარებაა . სამუშაოები შესრულდა როგორც ტექნიკის დახმარებით, ასევე ხელით, რომელსაც შპს „ლებე" აწარმოებდა.
,,სოფლის მოსახლეობა კმაყოფილია რწყვის სეზონის ხელშეწყობისათვის, ვინაიდან მიღებული მოსავალი ოჯახის ძირითადი შემოსავალია. პროგრამა კი, რომელიც უკვე მესამე წელია სოფლის აუცილებელ პრობლემებს თანდათანობით აგვარებს, ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი დახმარებაა" - აღნიშნა ოკამის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტარიელ ჩიტაშვილმა.