ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით, დამნაშავე პირებთა მფარველობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს 30 მაისს წერილობითი თხოვნით მიმართა, რათა მისთვის რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად, ნება დაერთო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი 38 პატიმარი მოენახულებინა.
"რა თქმა უნდა, ამ დრომდე ბაქრაძისგან პასუხი არ მიმიღია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების უსამართლობას და იმ პირებს ხელს აფარებენ, რომლებიც პატიმრებს იზოლატორებში აწამებენ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, იზოლატორში მყოფ პატიმრებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ ჩვენებები მისცენ, შეთქმულებასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან და ბურჯანაძის ესკორტის გაქცევასთან დაკავშირებით.
"მსურდა 26 მაისს ხელისუფლების მხრიდან უსასტიკესად დარბევის შემდეგ დაკავებული სამი პირი თბილისის #1 იზოლატორში, 25 დაკავებული თბილისის #2 და 10 პირი რუსთავის იზოლატორში მომენახულებინა, მაგრამ როგორც ჩანს პარლამენტის რეგლამენტი თავიდანვე მკვდრადშობილი აქტია, რომელიც მხოლოდ ნაციონალი მოძრაობის ლიდერებზეა მორგებული და უმცირესობის ინტერესებს არ ითვალისწინებს", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
ამასთან, ცაგარეიშვილის თქმით, მან ბაქრაძეს ქსნის იზოლატორში შესვლის თხოვნით ადრეც მიმართა, თუმცა, მისი თხოვნა მაშინაც, უყურადღებოდ დარჩა.