საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული კონფლიქტისა და განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში მყოფი "ქვეყნების" სიაში შეყვანას ეხმაურება.
"ძნელად გამოსაცნობია, რა მოტივაცია დგას რუსეთის ამ განცხადების მიღმა, თუმცა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მართლაც მძიმე ვითარებაა, სიმართლეს შეესაბამება და ამის თაობაზე ყველაზე ზუსტ ინფორმაციას სწორედ რუსეთის ფედერაცია ფლობს, რადგან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთი აკონტროლებს,"- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთმა თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შეიარაღებული კონფლიქტის და განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში მყოფი ქვეყნების სიაში შეიყვანა. თვითაღარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ერთად სიაში მოხვდნენ: ერაყი, ავღანეთი, იემენი, ლიბია და პალესტინის ადმინისტრაცია. სია რუსეთის ფედერაციამ გასულ კვირას დაამტკიცა. რუსეთის ფედერაციამ ასევე გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობაა. ამ სიაში მოხვდნენ საქართველო და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა. ამავე სიაში მოხვდნენ: ალჟირი, გავტემალა, იზრაელი, ყირგიზეთი, კოლუმბია, კონგო, ლიბანი, ნიგერია, პაკისტანი, სერბეთი, ტაჯიკეთი, სირია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, ჩრი-ლანკა და ეთიოპია.