საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე მიხეილ სააკაშვილსა და ჯოზეფ ბაიდენს შორის "კულუარულ გარიგებებს" უარყოფს.
"ყველა მოთხოვნა, რომელიც საქართველოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე აქვს, ძალაში რჩება", - განაცხადა დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
"პრეზიდენტ სააკაშვილის ბაიდენთან შეხვედრისა და საუბრის დეტალები საჯარო იყო და ყველასათვის ცნობილი გახდა. ამ შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასაც. ძალაში რჩება ყველა მოთხოვნა, რომელიც საქართველოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. არის საკითხები, რომელთა გადახედვა არ მოხდება და ამას ჩვენი პარტნიორები, მათ შორის აშშ-ში კარგად აცნობიერებენ "- განმარტა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის იტალიაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების წინაპირობებზე უარს იტყვის.