საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავების თაობაზე უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
"ეს არ არის ოფიციალური სახის განცხადება და ის მოგაზურობის შეზღუდვას არ გულისხმობს", - ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ტიპის განცხადება იმას ეფუძნება, რომ საგარეო უწყება თავს ვალდებულად მიიჩნევს საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდოს.
"დაფარული ფაქტი არ არის, რომ ქსენოფობიური პოლიტიკა ძალიან მყარი ხელით იმართება რუსეთში, შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებაც სწორედ იმას ეფუძნება, რომ ჩვენ, როგორც ოფიციალური უწყება თავს ვალდებულად ვგრძნობთ სიფრთხილისკენ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს. რასაკვირველია, ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, რომ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები მიიღონ, მაგრამ ვალდებულები ვართ, შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს"-განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსკოვში ეთნიკურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქის მოკვლის კონტექსტში ქართველებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.