თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი ინფორმაციით, მმართველმა "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ პარტიის ლიდერი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით უკვე მილოცვებს იღებს.
"სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" პრესსამსახურის ინფორმაციით, მმართველი პარტიის გამარჯვება ერდოღანს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე მიულოცა.
წინასწარი ინფორმაციით, ერდოღანის პარტიამ არჩევნებში ხმების ნახევარი მოიპოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შევა თუ არა პარლამენტში მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივნისს თურქეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც 15 პარტია და 203 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობდა. თურქეთის ერთპალატიან პარლამენტში სულ 550 წევრი უნდა აირჩიონ. ამომრჩეველთა რაოდენობა 50,2 მილიონ ადამიანს შეადგენს.