პოლიტიკური პარტია "ჩვენ თვითონ" მთავრობას კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავების ინიციატივით მიმართავს.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერ გიორგი ხოკერაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის, სადაც სამომხმარებლო ბაზრის 80% იმპორტირებულია, ევროპაში გავრცელებული ახალი ვირუსი დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ნაწლავური ინფექციით ამ დროისთვის ევროპაში 30 ადამიანია დაღუპული, 94 ადამიანი "იკოლის" ბაქტერიით სასიკვდილოდაა მოწამლური. ევროპული ეპიდემიის გავრცელების საზღვრები გაფართოვდა და აზიაშიც დაფიქსირდა. ბაქტერია პარკოსან კულტურებშიც აღმოაჩინეს. გაოცებას იწვევს, თუ როგორი სიმშვიდით ხვდება ამ საფრთხეს ჩვენი ხელისუფლება. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ევროკავშირის სწრაფი განგაშის რეაგირების სისტემიდან შეტყობინების მიღების გარეშე რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებას არ მიმართავენ. ჩვენთვის გაუგებარია, თუ ამ დრომდე ევროკავშირიდან საქართველოში მსგავსი შეტყობინება მოსული არ არის, დამატებითი უსაფრთხოების ზომებს ქვეყანამ არ უნდა მიმართოს?", - განაცხადა ხოკერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ხოკერაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ხელისუფლების დამოკიდებულება, ევროპული ვირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით.
პოლიტიკური გაერთიანება მთავრობას, პირველ რიგში კი საბაჟო სამსახურსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, ყველა რისკის შემცველ იმპორტულ პროდუქციაზე კონტროლი გაამკაცრონ.