მომავალი კვირიდან სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაიწყება.
მოსმენა 14 ივლისის პლენარულ სხდომაზეა ჩანიშნული, თუმცა დადგენილებას მიიღებს თუ ცნობას პარლამენტი, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგენილების მიღებას ითხოვს, რომლის შედეგადაც "რიგი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს".
კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრების ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, ხოლო ანგარიშში მოყვანილ კანონდარღვევის ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და დამნაშავეების დასჯას.
საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შევიდა და მისი საკომიტეტო განხილვები უკვე მოხდა.