თურქეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 15 პარტია და 203 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. თურქეთის ერთპალატიან პარლამენტში სულ 550 წევრს აირჩევენ.
ხმის მიცემის პროცესი თურქეთის ძირითად ნაწილში, მათ შორის ანკარასა და სტამბულში დილის 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდება.
ამომრჩეველთა რაოდენობა 50,2 მილიონ ადამიანს შეადგენს.
თურქეთის მმათველი, "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" იმედოვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების ორი მესამედის მოპოვებას შესძლებს და პარლამენტში პოზიციების გამყარებას მოახდენს. ეს მათ თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მესამე ვადით არჩევის და დაპირებული კონსტიტუციური ვლილებების მიღების საშუალებას მიცემს.
"სამართლიანობისა და განვითარების პარტია", რომელიც, თავის დროზე, ზომიერი ისლამისტების მხარდაჭერით შეიქმნა, მიუთითებს, რომ მათი მმართველობის დროს თურქეთის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ხელისუფლების როლი შიდაპოლიტიკაში ბევრად უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი გახდა.
ასევე, ბოლო წლებში ქვეყანაში ბევრად უფრო შემცირდა უმუშევრობის დონე; თუ კი 2010 წლის მარტში უმუშევრობის მაჩვენებელი 14,4%-ს შეადგენდა 2011 წლის მარტში 11,5%-მდე შემცირდა.
"სამართლიანობის და განვითარების პარტიამ" წინასაარჩევნო კომპანია ააგო იმ წარმატებებზე, რომლებსაც მმართველობის პერიოდში მიაღწია, ასევე მათ წარმოადგინეს სამომავლო განვითარების ამბიციური გეგმა, რომელიც, მათი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში რეალობად იქცევა.
პარტიის გეგმებში შედის ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა: არხების გაყვანა შავი და ეგეოსის ზღვის აუზებში, სტამბულთან ახალი ქალაქის აშენება, ასევე ხიდების აეროპორტების და საავადმყოფოების მასობრივი მშენებლობა.
მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი მემარცხენე-ცენტრისტული "რესპუბლიკური სახალხო პარტიაა". პატიის წარმომადგენლები ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილან ხელისუფლებაში. ამჟამად მათ აქცენტი ახალგაზრდობაზე გააკეთეს.
ახალი ლიდერის, ქემალ ქილიჩადროღლუს პარტიამ არჩევნებზე ევროპული სოციალ დემოკრატიული ღირებულებებით წარსდგება.