რუსეთის ხელისუფლება მუდმივი დიპლომატიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება საქართველოს საკითხთან მიმართებაში. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
"ამ რეზოლუციით ხდება სერიოზული ზეწოლა რუსეთზე, რადგან ეს არის ევროპარლამენტი - რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორის, ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ამკვიდრებს ტერმინ ოკუპაციას და მოითხოვს რუსეთისგან ადეკვატური ქმედებების განხორციელებას. მისი სრულად იგნორირება დაუსრულებლად არ მოხდება", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პასპორტების გაცემა და პატივი უნდა სცეს გაფორმებულ შეთანხმებებს, ასევე უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.